logo
ENG



"პანიკაში ვიყავით, არ მეგონა რომ გადავრჩებოდით" - რას ჰყვება სტიქიას გადარჩენილი მოქალაქე

07 აგვ 202320:48
3 წუთის საკითხავი
clock 7396

სასტუმრო სანსეტ შოვის დამსვენებელი, ანა ტატიშვილი, რომელიც შოვში მომხდარ სტიქიას გადაურჩა, ფორმულასთან 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის დეტალებს იხსენებს.

ტატიშვილი ამბობს, რომ სანსეტ შოვში დამსვენებლების დიდი ნაწილი, მათ შორის ბავშვები სტიქიას მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ, რომ შენობის სასადილო ზონაში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, სტიქია დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

"სადღაც 15:05-ზე, ჩემმა ბიძაშვილმა გიორგიმ, დამიყვირა: "ანა, ჩქარა - რაღაც ხმა არის და გამოდი აქეთ-ო. რომ მოვტრიალდი, დაახლოებით 15 მეტრის სიშორეზე, პირდაპირ მთა ინგრეოდა. 15 ვერტმფრენი ერთად რომ შეკრიბო ისეთი ხმა იყო. რაც კი ძალა მქონდა გავიქეცი ჩემი ბიძაშვილისკენ, სადაც სასადილო იყო სასტუმროში. იქ შევვარდი. იქაც შემოდიოდა ეს მიწა. ყველაფერი ინგრეოდა. იქიდან გადავძვერით, მინდორივით იყო სასტუმროს წინ.

სადილის დრო იყო და იმ მომენტში დამსვენებლები, ბავშვები თავიანთი ძიძებით, ბებიებით და დედებით სადილობდნენ და მაგიტომ გადარჩნენ, თორემ ნახევარი საათით ადრე ყველა გარეთ იყო. ეს გრძელდებოდა 15 წუთი. რომ შეწყდა ყველაფერი, დაახლოებით 5-10 წუთში მაინც ბიძგები იყო და ყველანი პანიკაში ვიყავით. საშინელება იყო. მე პირადად არ მეგონა რომ გადავრჩებოდით. ვფიქრობდი - ეგრევე მოვკვდები თუ გავიგუდები", - თქვა ტატიშვილმა ფორმულასთან საუბარში.

დაზარალებული მოქალაქე აღნიშნავს, რომ სტიქიის შემდეგ სახელმწიფო უწყებიდან მას არავინ დაკავშირებია და დამეწყრილი ზონა მოხალისეების დახმარებით დატოვა.

"სახელმწიფო უწყებიდან არავინ მოვიდა და არ გვკითხა, რომ აი, მანქანა აღარ გყავთ და სადმე ხომ არ გადაგიყვანოთ. ორმა მოხალისემ, ორმა უკეთილესმა ადამიანმა მე, ჩემი ბიძაშვილი და კიდევ ერთი გოგონა, რომელიც ჩვენთან ერთად იყო, ჩამოგვიყვანეს საჩხერემდე", - განაცხადა ტატიშვილმა.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი. 

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 18 ადამიანთან.   


close დახურვა